მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მელპასამ „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, განიხილონ შესაძლებლობა ვალების შემცირებაზე ღარიბი ქვეყნებისთვის, რათა მოხდეს კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების მინიმიზირება.
აღნიშნული ინიციატივა მან ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის დროს გააჟღერა.
მელპასას თქმით, პანდემიამ გამოიწვია ათწლეულების უმსხვილესი ეკონომიკური რეცესია და ის ძალიან დაეტყო განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, ამიტომ საჭიროა მდიდარი ქვეყნების ფინანსური პოლიტიკა ამ ტიპის ქვეყნებისადმი გადაიხედოს, განსაკუთრებით ეს უნდა შეეხოს ვალების შემცირებას და ვალების გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებას.
„სიტუაცია განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო მძიმდება. დრო ცოტაა. ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ ზომები ვალის მომსახურებასთან მიმართებაში, ვალის შემცირებისა და ვალების დარეგულირების მექანიზმებთან დაკავშირებით“ - განაცხადა მან.
მანამდე კი, ასევე ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას,მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ მიმართა ოცეულის ქვეყნებს, გაუხანგრძლივონ ღარიბ ქვეყნებს ვალის გადახდაზე გამოცხადებული მორატორიუმი.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეულის წევრმა ქვეყნებმა აპრილის შუა რიცხვებში მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის ბოლომდე შეაჩერონ ვალის ამოღება ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებიც გავრცელებული პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ინიციატივას მხარი 22-მა ქვეყანამ დაუჭირა. შედეგად კი დაზოგილმა ფინანსებმა ჯამურად, 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. სულ კი ვალის გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებისთვის კლუბს 32-მა ქვეყანამ მიმართა.