ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ლაბორატორიაში ახალ პარამეტრებზე დანერგილ კვლევებს გაეცნო.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, ლაბორატორია ძვირად ღირებული აპარატურით - მასპექტრომეტრი IRMS-ით აღიჭურვა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სტაბილური იზოტოპების თანაფარდობაზე შემოწმება დაიწყო.

„ღვინის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ხარისხის კონტროლი კი მთავარი ამოცანაა ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციის შექმნისთვის. შესაბამისად, ლაბორატორიის განახლება/გადაიარაღება და კომპეტენციის მუდმივი ზრდა ჩვენი პრიორიტეტია. იზოტოპური კვლევის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ლაბორატორიის განვითარებისთვის. ახალი კვლევის მეშვეობით, ტექნოლოგიური პროცესის დაცულობა, პროდუქციის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ფალსიფიკაციის ნიშნების არსებობა დადგინდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხარისხის კონტროლის გარდა, სამინისტრო ღვინის ლაბორატორიასთან აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებითაც. ამასთან, ღვინის მწარმოებელი მცირე მეწარმეებისა და ფერმერების კომპეტენციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: ტრენინგი, სემინარი, ნიმუშების კვლევის ანალიზი და განხილვა. მნიშვნელოვანია მოხდეს ფერმერების წახალისება ისეთი რეგიონებიდან (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და სხვა), სადაც შედარებით ნაკლებია ღვინის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა.

„მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია პასუხობდეს დარგში არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფოს და კერძო სექტორის მოთხოვნებს. აუცილებელია, ჩვენ მომზადებულები შევხვდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ახალი აპარატურა - მასპექტრომეტრი, საშუალებას მოგვცემს ალკოჰოლურ სასმელებში განვსაზღვროთ ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა. ამ პარამეტრებზე მოთხოვნა ბევრ ქვეყანას აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ანალიზზე მოთხოვნა ბაზარზე ძალიან დიდია. რამდენიმე დღის წინ გავიარეთ ეროვნული აკრედიტაციის ცენტრიდან მონიტორინგი და უკვე მივიღეთ აკრედიტაცია ამ მეთოდებზე. მომავალი კვირიდან, მზად ვიქნებით კვლევების ჩატარებისთვის. მეწარმეებისთვის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობის შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა რეგულაცია პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობას ავალდებულებს“, - აღნიშნა ღვინის ლაბორატორიის დირექტორმა, ირმა ჭანტურიამ.

ახალ აპარატზე მუშაობისთვის ლაბორატორიის პერსონალმა სწავლება გაიარა და შესაბამისი გამოცდაც ჩააბარა.

„შპს ღვინის ლაბორატორია, რომელიც ამჟამად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებს, 2006 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში დაარსდა. ლაბორატორია ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ტესტირების ორგანოა, რომელიც როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, დიდ და მცირე მარნებს, ქარხნებსა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ემსახურება. ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთი საქართველოში, რომელიც მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების შემოწმებას ახორციელებს,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.