ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული და რაც მთავარია სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, რაც მმართველ გუნდს კარგად ესმის.
„ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი. საბოლოო მიზანი კი გახლავთ ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული და რაც მთავარია სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. ამისთვის ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველღიურად ჩვენი მიზნების უზრუნველსაყოფად. ეს მიზნებია პირველ რიგში სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა, რადგან არ არსებობს ქვეყნის ქვეყნის კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე. რა თქმა უნდა, ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს ლტოლვილებზე, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ისინი მშვიდობიანად დავაბრუნოთ თავიანთ მშობლიურ სახლებში; ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და განათლება; ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ჯანდაცვის და სოციალური სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება; ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, მათი ღირსეული სიბერე; კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ბოლოს, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში; ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიყოთ უაღრესად სწრაფები და წარმატებულები. ამ ყველაფერს ჩვენ განვახორციელებთ ერთად. გუნდური მუშაობა არის ამ გზაზე ყველაზე დიდი წარმატების საფუძველი. ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ და შევძელით პანდემიის რისკების მართვა და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას, ჩვენ ამ მხარდაჭერის ფასი და პასუხისმგებლობაც გვესმის და დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს. ჩვენ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.