მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, კახეთის რეგიონში, კონკრეტულად ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებებში ჯამურად 25 მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, აქედან თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას 12 მზის ელექტროსადგური გადაეცა.

უწყების ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის - სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.

მათივე ცნობით, პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ტექნიკური დახმარების ფარგლებში.