პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს დააასახელა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიასაც იწყებს.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.
როგორც გაირკვა პრეზენტაციაზე, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატებად მთავრობის წარმომადგენლებს, 3 ყოფილ მინისტრსაც წარადგენს. კერძოდ, ესენია - დავით სერგეენკო, კახა კახიშვილი და სოზარ სუბარი.
ცნობისთვის, სერგეენკო, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად თბილისში, საბურთალოზე დასახელდა, ოცნების ერთ-ერთი უცვლელი მინისტრი იყო 2012 წლიდან 2019 წლამდე. სწორედ გასული წლის ივნისში დატოვა მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. რამდენიმე დღეში კი, საქმიანობა მთავრობის ადმინისტრაციაში განაგრძო, სადაც სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თანამდებობა დაიკავა.
ბოლოს, 2020 წლის 19 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მრჩევლის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 2019 წლის 20 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში 32 900 ლარი შეადგინა. რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკლარაციის თანახმად, სერგეენკო ფლობს თბილისში მდებარე 48 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 336 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი - Toyota Prado.
„ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში ერთ-ერთ მაჟორიტად კანდიდატად პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი მრჩეველი სოზარ სუბარი (სამგორი) წარადგინა. სუბარი მანამდე, 2012 წლიდან ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა. კერძოდ, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლს 22 ივლისამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად; 2014 წლის 26 ივლისიდან 2018 წლამდე კი იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 2018 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ მთავრობაში ის მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებდა.
მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე სუბარის შემოსავალმა 2018 წლის 12 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში 37 472 ლარი შეადგინა. რაც შეეხება, უძრავ-მოძრავ ქონებას დეკლარაციის თანახმად, მის სახელზე მსგავსი ტიპის ქონება არ ფიქსირდება. უძრავ ქონებას მისი მეუღლე ფლობდა.
პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი მრჩეველი კახა კახიშვილი კი, მაჟორიტარ კანდიდატად ისანში დაასახელეს. კახიშვილი პრემიერის მრჩევლობამდე მთავრობის ადმინისტრაციას, მანამდე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი მან 2019 წლის ოქტომბერში დატოვა და მრჩველის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბოლო დეკლარაცია კახიშვილს, 2019 წლის დეკემბერში აქვს შევსებული, სადაც არაა მითითებული თუ რა შემოსავალი ჰქონდა პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე, თუმცა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისას მისმა შემოსავალმა 2018 წლის ივლისიდან-დეკემბრამდე პერიოდში - 28 818 ლარი შეადგინა. რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, კახიშვილის საკუთრებაში არ ფიქსირდება მსგავსი ტიპის ქონება და საცხოვრებელ ფართსა და ავტომობილს მისი მამა ფლობდა.