საქართველოში „ბლუმბერგის“ ახალი სავაჭრო პლატფორმა ამოქმედდება - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სავალუტო ბაზარზე ახალი რეფორმების განხორციელება დააანონსა.

ამ რეფორმების მიხედვით, საქართველოში ახალი სტანდარტები დაინერგება, რომელიც სავალუტო ბაზარს უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის. ამასთან, კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში „ბლუმბერგის“ ახალი სავაჭრო პლატფორმაც ამოქმედდება.

„სავალუტო ბაზრის რეფორმა ორი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება. ერთი მხრივ შემოგვაქვს ახალი სტანდარტები, წესები, რომლებიც დაარეგულირებს სავალუტო ბაზრის საქმიანობას მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მეორეს მხრივ ამ წესების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ავამოქმედებთ „ბლუმბერგის“ ახალ სავაჭრო პლატფორმას - „ბიმეჯს“.

„ახალი პლატფორმის დანერგვა ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის განვითარებას, მის უფრო მეტ გამჭირვალობასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას. რაც მთავარია, აღნიშნული რეფორმები საქართველოს საფინანსო სექტორს კიდევ უფრო დაახლოვებს მოწინავე ფინანსურ ცენტრებში მოქმედ მაღალ სტანდარტებთან და ახალი მიდგომების ადაპტაციის კუთხით საქართველოს რეგიონში ლიდერად წარმოაჩენს“- აცხადებს კობა გვენეტაძე.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე