მთავრობის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს.
ამასთან, სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.
ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს ჩამოცდა (ამჟამად, რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-ს შეადგენს); ხოლო სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000-ლარიან სესხებზე. მას, ვისაც სურს, ახალი პროგრამით ისარგებლოს, ბინის ღირებულების სულ მცირე 10% უნდა ჰქონდეს შეტანილი.
როგორ არის შესაძლებელი იპოთეკურ სესხზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდიით სარგებლობა?
როგორც რამდენიმე უმსხვილეს ბანკში განგვიცხადეს, ისინი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩართულები არიან.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ დეველოპერულ კომპანიასა და მომსახურე ბანკს. ამასთან, იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა წლის ბოლომდეა შესაძლებელი. კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულებასთან და სესხის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს კი მომხმარებლებს ბანკები და დეველოპერები ინდივიდუალურად გააცნობენ.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღებაც შეეძლება. აღნიშნული სიახლეც უკვე ძალაშია და ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამაშია აღნიშნული. თუმცა, ამ მხრივ, გარკვეული შეზღუდვაც იქნება. კერძოდ, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.
ტენდენცია აჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდული ბინების 65% ახალაშენებულია და ეს პროცენტული მაჩვენებელი მთავრობის მიერ შემუშავებულმა პროგრამამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს.
ახალაშენებულ და მშენებარე ბინებზე მოთხოვნის შესაძლო ზრდას მომზადებული ხვდება უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე პლატფორმის - SS.ge-ის გუნდი, რომელმაც ახალი პროექტი House.ge შექმნა, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის ახალაშენებული და მშენებარე პროექტები, შესაბამისად საიტზე განთავსებულ ყველა ბინაზე მოქმედებს იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა.
როგორც House.ge-ში განმარტავენ, პროექტი მაქსიმალურად ამარტივებს ახალაშენებული და მშენებარე ბინების შერჩევის პროცესს და ზოგავს ძვირფასს დროს, რამდენადაც იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა წლის ბოლომდეა შესაძლებელი და მომხმარებელს სწრაფად მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.
პლატფორმა მომხმარებლებსა და დეველოპერებს ერთმანეთთან სწრაფად და მარტივად აკავშირებს, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ყველა მიმდინარე პროექტსა და აქციას, დეტალური ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა შეთავაზების შესახებ, რაც მას არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
ახალი პლატფორმის საშუალებით დეველოპერს შეუძლია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს პოტენციური მომხმარებლისთვის. ამასთან, დეველოპერი, რომელიც House.ge-სთან თანამშრომლობს, სარგებლობს ყველა იმ სერვისით, რაც SS.ge-ს გააჩნია.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, House.ge უძრავი ქონების ბაზრის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რადგან მთავრობა და კერძო სექტორი პანდემიის მიერ შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ახალი მექანიზმებით უპირისპირდებიან.