იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 053.9 მლნ დოლარი შეადგინა

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 053.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ექსპორტი 1 503.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (16.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 3 550.5 მლნ აშშ დოლარს (19.1 პროცენტით ნაკლებია).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ივნისში, 2 047.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ის. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2015-2020 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.4% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (205.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (203.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (188.1 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (595.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (396.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (325.6 მლნ. აშშ დოლარი). 2020 წლის იანვარ-ივნისში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (697.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (584.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (530.7 მლნ. აშშ დოლარი). 2020 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 332.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.6 მლნ. აშშ დოლარით (7.8 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 289.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 234.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 231.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.