ბალკანეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში კორონავისუსის შემთხვევების მატების შემდეგ, საბერძნეთმა უცხოელი სეზონური მუშახელისთვის რეგულაციები გაამკაცრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მიწის სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან 4 აგვისტომდე გავლენ, დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ შემდგომ მითითებამდე“, - განაცხადა ბრიფინგზე საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა.
საბერძნეთმა საკარანტინე ზომების შემსუბუქება მაისიდან დაიწყო. სეზონურ მუშახელს მაისის დასაწყისში საბერძნეთში შესვლის უფლება სპეციალური სამთვიანი ლიცენზიით დართეს. გასულ წელს 10 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული სასოფლო-სამეურნეო სექტორში, მათი უმეტესობა ალბანეთიდან, ბულგარეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩავიდა.