სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საფრანგეთში ნახევარ მილიონამდე ლარის აქსესუარების ექსპორტი განხორციელდა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო ბაზარზე ქართველი დიზაინერების პროდუქცია კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კომპანიების "ეშვი" და "ნევერნოთ ჯეველერი" პროდუქცია, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ შოურუმში იყო წარმოდგენილი.
“ღონისძიებაზე, კომპანიებმა ბიზნესკონტაქტები დაამყარეს და საერთაშორისო პარტნიორებთან 410 ათასი ლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით”, - აღნიშნავენ სააგენტოში.