საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირის ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე იმსჯელეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა იყო „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ და მასში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თემატური მოკვლევის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტისას ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების კვლევა. არსებული მონაცემების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, წერილობითი და ზეპირი მოსაზრებები, რომლებიც პარლამენტს ამ მოკვლევის ფარგლებში წარედგინება.

„მცირე და საშუალო ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ხერხემალი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კარგად და სწორად განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. საკომიტეტო მოკვლევა ემსახურება იმას, თუ რა გამოწვევები აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ნახევარმილიარდიანი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი. ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ხელშეკრულება და მნიშვნელოვანია, ამ ხელშეკრულების სიკეთეებით მაქსიმალურად ისარგებლოს მცირე და საშუალო ბიზნესმა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელსაც მეწარმეები ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით აწყდებიან. ასეთ გამოწვევებად დასახელდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჰაბების და ლოჯისტიკური სასაწყობე ცენტრების არარსებობა, სავაჭრო კავშირების დამყარება ევროკავშირის კომპანიებთან, პროდუქციის უწყვეტი მიწოდება, სანიტარული და ფიტოსანიტარული მდგომარეობა და ა.შ.

ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, გამოწვევების გასამკლავებლად ხელისუფლების მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, ქვეყანაში ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე, ლოჯისტიკურ ჰაბებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ არის კონტაქტების ნაკლებობა, ევროკავშირის შესაბამისი კონტრაქტორების მოძიება. არსებობს პროდუქტების ერთგვაროვნების პრობლემა, რაზეც კოოპერატივების პროგრამების მეშვეობით ვცდილობთ დავეხმაროთ მეწარმეებს, რადგან მიწოდება უწყვეტ რეჟიმში არის ერთ-ერთი გამოწვევა. ევროკავშირის ბაზარზე შეღწევადობის მიმართულებით არცოდნა არის ასევე, ერთ-ერთი გამოწვევა. ჩვენ რამდენიმე წელია ექსპორტის მენეჯერების კურსების მიმართულებით ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული წარმატებული შედეგები, როდესაც ისინი უკვე ექსპორტის სტრატეგიებს აყალიბებენ და ათავსებენ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე. მნიშვნელოვანია, ის რომ გვაქვს გაზრდილი ცნობადობა ქართული პროდუქციის მიმართულებით. ჩვენ გვყავს 910-ზე მეტი ექსპორტიორი კომპანია და ეს არის 60%-ით მეტი, ვიდრე იყო 2014 წელს. ევროკავშირის სხვადასხვა მიზნობრივ ბაზრებზე გამოფენებზე 102 კომპანიაზე მეტი იყო წარმოდგენილი. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებები, უფრო მეტი პროდუქტი ითვისებს ევროკავშირის ბაზარს, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საბოლოო დოკუმენტში ისახება, რაც გასათვალისწინებელი იქნება, როგორც საკანონმდებლო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ თემატური მოკვლევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით მიმდინარეობს.