სამინისტრო - ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე დროულად მიიღებს სახელმძღვანელოებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჭირო სახელმძღვანელოების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდა, სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური ეკონომიისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად.

„აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2020 წლის 03 სექტემბრისა, ხოლო 2020 - 2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოწოდება მოხდება არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბრისა.

სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად განხორციელდება და ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ამჟამად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ ერთობლივ მონიტორინგს ბეჭდვის მიმდინარეობაზე”, - აღნიშნავენ უწყებაში.