ვინ არიან და რა ვიცით 4 ბიზნესმენზე, რომელიც „ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა - სად იყრის კენჭს ივანიშვილის ძმის პარტნიორი

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაც დაიწყო.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატებად, მათ შორის ბიზნესმენებსა და მეწარმეებსაც წარადგენს. კერძოდ, ესენი არიან:

ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე მმართველმა პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატად ზესტაფონის, ბაღდადის, თერჯოლასა და ტყიბულის ოლქში წარადგინა. წაქაძე სამშენებლო კომპანია GDG–ის ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, ბიზნესმენი არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის - 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას - 50%-იანი წილის; შპს „სოლიდის“ - 40%-იანი წილის; შპს „მაგნოლიას” 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა აქვს განხორციელებული.

ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი - ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქშია წარდგენილი კანდიდატად. ობოლაშვილი შპს „გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს. გარდა ამისა, ობოლაშვილი შპს „პარკლაინის“ 60%-იანი წილის; შპს „მესხეთი 2004-ის“ – 100%იანი წილის; „ჯეომედიცინის“ 35%-იანი წილის მფლობელია.

მეწარმე ზაზა დუგლაძე, რომელიც ხაშურისა და ქარელის ოლქში წარადგინეს მაჟორიტარ კანდიდატად, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად არის შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიის მეწილე. კერძოდ, რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 23%-23%-იანი წილების მფლობელები არიან - ალექსანდრე ივანიშვილი, ზაალ დუგლაძე, მალხაზ ყანჩაველი და დავით დუგლაძე, 8% კი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს გიორგი კაპანაძეს ეკუთვნის. შპს „ვენი ვიდი ჯორჯიას“; შპს „აისი ინკ“-ის, შპს GIC-ის, შპს „მთაწმინდა-95“, შპს „ეფ ენდ კომპანის“ და შპს ელექტრა-ელტედეს მეწილეა. ამასთან, დუგლაძეს „ქართული ოცნებისთვის“, 2016, 2017, 2019 და 2020 წლებში ჯამში, 115 000 ლარი აქვს შეწირული.

მეწარმე ირაკლი ხახუბია კი 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატად ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში იყრის კენჭს. მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. ამასთან, ხახუბია არის შპს „აისბერგი 2-ის“, შპს „ჯეონათსის“,შპს Gcm Service-სა და შპს Geo Capital Management-ის მეწილე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხახუბიას 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - 10 ათასი; ხოლო 2018 წელს „ქართული ოცნებისთვის“ – 60 ათასი ლარი აქვს შეწირული.

თაია არდოტელი