ევროკავშირის ლიდერებმა  ბიუჯეტსა და ეკონომიკის აღდგენაზე შეთანხმებას მეხუთე დღეს მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კონსულტაციების დაწყებიდან მეხუთე დღეს მოახერხეს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის შეთანხმება, ასევე გათვალისწინებულია 750 მილიარდი ევრო კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად.

ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„ისტორიული დღეა ევროპისთვის“ დაწერა თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა.

როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა აღნიშნა, 8-წლიანი ბიუჯეტის ფინალური კომპრომისული ვარიანტი 1,074 ტრილიონ ევროს, ხოლო ეკონომიკის აღდგენის ფონდის მოცულობა 750 მილიარდ ევროს მოიცავს.

„ევროპა ძლიერია. ევროპა ერთიანია. ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ შევთანხმდით ბიუჯეტისა და ფონდის ფორმირებაზე. ეს ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო, რომელიც ძლიერი და კარგი შეთანხმებით დასრულდა,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში კლიმატური ამოცანები პირველად არის გათვალისწინებული.

თავის მხრივ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის აღდგენა იქნება მწვანე და „ჩვენ მოვახდენთ ევროპის მომავალში ინვესტირებას, ეს კი შანსია გამოვიდეთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერნი“.

კოკა კვირკველია