ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში კალიებთან ბრძოლა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე კალიებთან ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში.

„წლის დასაწყისში ბევრი სპეკულაცია ვრცელდებოდა. გვახსოვს კოვიდის პირობებიც იყო ინფორმაცია, რომ საქართველოს გადაუვლიდა კალიების ნაკადი. ამ შემთხვევაში, არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელიც უკავშირდებოდა უდაბნოს კალიის მიგრაციას საქართველოში, ამას არც ერთი სპეციალისტი არ იზიარებდა. გვაქვს კონკრეტული კვლევები, რომელზეც ვცადეთ, რომ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ის კალია, რომელიც წლიდან წლამდე მავნებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, საუბარია იტალიურ კალიაზე, მასთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს პროგრამა კალიებთან ბრძოლის შესახებ. საქართველოში ეს ყოველ წელს ვრცელდება. მავნებელი დიდწილად აზიანებს ხოლმე ჩვენ სასაზღვრო რაიონებს. გვესმის, რომ მათი მიგრაცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ხდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კალიები დაფიქსირდა კახეთის სხვადასხვა რაიონში, მომატებულია აქტივობა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

„ძალიან თბილი ზაფული იყო და შესაბამისად, პოპულაცია არის გაზრდილი. ტრადიციული რაიონებისგან განსხვავებით, სადაც კალია შეინიშნებოდა და კერები არსებობდა, ფაქტობრივად, მავლებელთან ბრძოლა გვიწევს საქართველოს დიდ ტერიტორიაზე. ეს ეხება როგორც მთლიანად კახეთს, ქვემო ქართლს, ასევე თბილისის შემოგარენს, მცხეთა-მთიანეთს და შიდა ქართლს. ფაქტობრივად, საქართველოს აღმოსავლეთი მთლიანად არის მოცული ბრძოლის სამუშაოებით. დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში“, - განაცხადა დავითაშვილმა.