"გარკვეულ კურორტებზე პარასკევი-კვირის პერიოდში დატვირთულობის კოეფიციენტმა 70%-დან 80%-მდე მიაღწია"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შიდა ტურიზმი იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას ვერ ჩაანაცვლებს, რაც საქართველოს წინა წლებში ქონდა.

ქვრივიშვილის განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო პერიოდში შიდა ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა და გარკვეულ ტურისტულ ზონებში დატვირთვის კოეფიციენტი 70%-დან 80%-მდე გაიზარდა.

„რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმი ვერ ჩაანაცვლებს იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასულ წლებში, თუმცა ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ შიდა ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოზიტიური და მზარდი ტრენდია. მოხარულები ვართ, რომ ბოლო სტატისტიკებით გარკვეულ კურორტებზე, სადაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჭარბია ტურისტული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით შაბათი-კვირა, პარასკევის პერიოდში დატვირთულობის კოეფიციენტმა 70%-დან 80%-მდე მიაღწია. უკუკავშირი გვაქვს სასტუმროებთან, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ და ძალიან სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, გავუღვივეთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის სურვილი. მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიური და ოპტიმისტური გვაქვს და ველოდებით, რომ შიდა ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.