ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობამ პრემიერის დავალებით შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებას დართავს, საქართველოში 6 თვის ვადით შემოვიდნენ და დისტანციური სამუშაო პროცესები ქვეყნიდან განახორციელონ.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული პროექტის საშუალებით ქვეყანაში საკმაოდ მხარჯველუნარიანი კონტინგენტი შემოვა, რაც ტურიზმსაც დაეხმარება.
„როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს დასტურითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით ახალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც ფაქტობრივად მიმდინარე ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებას დართავს, 6 თვის ვადით საქართველოში შემოვიდნენ და დისტანციური სამუშაო პროცესები საქართველოდან განახორციელონ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნები, პირველ ეტაპზე ჩვენ გავხსნით საზღვრებს ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ნებართვა საქართველოში იცხოვრონ 180 დღეზე მეტი ხნის ვადით - ადამიანები, რომლებსაც აქვთ დისტანციურად მუშაობის საშუალება; მეწარმეები, რომლებსაც აქვთ მათ შორის ფინანსური საშუალება, რომ დისტანციურად იმუშაონ და მართონ ბიზნესები დისტანციურად; ადამიანები, რომლებიც მათ შორის დისტანციურად ახორციელებდნენ საკონსულტაციო სამუშაოებს და სხვ.
აღნიშნული პროექტი დაგვეხმარება იმაში, რომ ძალიან ბევრი მექანიზმის საშუალებით, მათ შორის საკარანტინე მექანიზმის საშუალებით, შემოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მხარჯველუნარიანი კონტინგენტი, რომელსაც ერთის მხრივ, შევთავაზებთ ძალიან უსაფრთხო გარემოს გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით, მაგრამ ამავდროულად, ამ ადამიანებს ვუყურებთ გრძელვადიანიად განთავსებულ ტურისტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ბევრს იმოგზაურებენ, რაც რა თქმა უნდა, დაეხმარება ბინების გაქირავებას, დაეხმარება განთავსების ობიექტებს, გიდებსა და რეგიონებში არსებულ სასტუმროებს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.