არჩევნებამდე შესაძლოა, ბევრი საინტერესო ბიზნესმენი გამოჩნდეს.
ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქით, მათთან კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ თუ არა საარჩევნო კამპანიაში, „ეს ადამიანები აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს“.
„ჩვენი მოლოდინი, რომ ბიზნესი გვერდით დაგვიდგებოდა, გამართლდა. მე სხვანაირად ვერც წარმომედგინა. არ არის ეს დიდი წრე, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველამ ვიცით, როგორ მოვედით დღემდე, რა საქმინობას ვეწეოდით, რა გვაქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. ამიტომ, ცხადია, ეს ურთიერთობები წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენ გვესმის ის წუხილი, რომელიც ბიზნესს აქვს.
გარკვეული შიშის ფაქტორი, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოხდება ოპოზიციის მხარდაჭერა, მათზე განხორციელდება სხვადასხვა გზებით ზეწოლა, არსებობს. ეს უნდა გადავლახოთ იმისთვის, რომ ბიზნესი და ზოგადად ქვეყანა განვითარდეს. სწორედ იმიტომაც არის ეს არჩევნები კრიტიკული, რომ გამოდმოყოლილი ძველი შიში, ის განცდა, რომ ხელისუფლება უკანონოდ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ბიზნესის შესავიწროვებლად, ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიოთ.
სწორედ ეს ეტაპია ახლა. ჩვენ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გვრძნობთ. გვაქვს მუდმივი ურთიერთობა, რომ გავიგოთ რა აწუხებს, რას ელოდება, პირველ რიგში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი. რა უნდათ, რა სურვილები აქვთ ხელისუფებისგან, როდესაც ის შეიცვლება. ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა აჭარაში, ახლა დავბრუნდი რაჭიდან. ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები, რომელებიც ახლა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. ძალიან საინტერესო შენიშვნები და სურვილები მოვისმინეთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალსიწინებთ ჩვენს პროგრამაში. აქედან გამომდინარე, მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით, მაგრამ შიშის სინდომი, ჯერ კიდევ არსებობს. ეს უნდა გადავლახოთ იმისთვის, რომ ბიზნესს შეეძლოს ყოველგვარი შიშის და დაბრკოლების გარეშე თავისუფლად ისაუბრონ პრობლემეზე.
ცხადია ის კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ პრივილეგირებული მდგომარეობით დღევანდელი ხელისუფებისგან, შეეცდებიან მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას, მაგრამ ეს არის უმცირესობა. უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად სხვა განწყობით არის“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ვიხილავთ, თუ არა ცნობილ ბიზნესმენებს „ლელო საქართველოსთვის“ გვერდით, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არ არის გამორიცხული და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენები აუცილებელად იტყვიან თავის სათქმელს.
„ჩვენ შეიძლება ვნახოთ საინტერესო ბიზნესმენები არჩევნებამდე. მთავარი ის არ არის, ისინი აქტიურად მიიღებენ თუ არა მონაწილეობას კამპანიაში, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან თავისი ბუნებიდან გამომდინარე და ისინი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.