საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID 19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპი დაასრულა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აცნობეს პალატიდან.
მათი ცნობით, კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის-ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.
კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან და ასახავს, როგორც ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ბიზნესის მოლოდინებსა და გამოწვევებს.
„გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კვლევის ძირითადი მიმართულებები ეხება - კერძო სექტორის მიმდინარე ზარალის და გამოწვევების, ბიზნესის მოლოდინების, საშეღავათო პერიოდის, დისტანციური მუშაობისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ კომპანიების 76 % პანდემიის შედეგად ბრუნვა შეუმცირდა, 39% დაგეგმილ ინვესტიციებს ვერ ახორციელებს, კომპანიების 43%-მა უკვე შეუმცირა დასაქმებულებს ხელფასი და სხვა. მეწარმეთა 91% -მა დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის,“-აღნიშნულია პალატის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის/ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩატარდა.