საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ელექტრომობილების დამტენების რეგულირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"სემეკის" ცნობით, შეხვედრას საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნა.
მონაწილეებმა ელექტრომობილების დამტენების რეგულირების კუთხით არსებული მდგომარეობა და მოსალოდნელი ცვლილებები განიხილეს. ელექტრომობილების დამტენი სადგურების წარმომადგენლებმა და მონაწილე სხვა ბიზნესკომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობაზე.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად ელექტრომობილების დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირობები დაადგინოს. სემეკის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წესების მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ელექტრომობილების დამტენების გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მომხმარებლების, ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით. ქსელზე მიერთება ხდება წესებით დადგენილ ვადებში, ხოლო მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოქმედებს კომპენსაციები მიერთების მსურველის სასარგებლოდ.