მაისის თვეში დაფიქსირებული ცვლის რეკორდის შემდეგ, ”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო გუნდი განაგრძობს აქტიურ მუშაობას ტვირთების დამუშავების ოპერაციების ეფექტურობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებებით. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს. ამჯერად, მიღწევა გემის მოცდენის გარეშე დამუშავებაში მდგომარეობს.
მათი ინფორმაციით, გემების მოცდენის დროს და მის ხანგრძლივობას, საოპერაციო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რამდენადაც ის ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მრავალმხრივი მიწოდების ჯაჭვის კრიტიკული ნაწილია.
„აღნიშნული ერთიანი სისტემის თითოეულ შემადგენელ რგოლს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლით დაწყებული, გადამზიდავი კომპანიებით, საზღვაო ხაზებით, სხვადასხვა მომსახურე ტერმინალებითა და დანიშნულების პორტებით დამთავრებული, დიდი გავლენა აქვს საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებაზე. აქ საუბარია ყველა ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელ ნივთებზე, საკვებსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ტვირთებზე, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით მიეწოდება მთლიანად ქვეყანას და რეგიონს.
აღნიშნული პროცესის გასაუმჯობესებლად და მოცდენების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად, მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა გემის დამუშავების ალტერნატიული მოდელი, რაც მოიცავს გემის დაცლა/დატვირთვაში ჩართულ ყველა მონაწილესთან, (როგორებიცაა საზღვაო ხაზები, გადამზიდი კომპანიები სატვირთო ავტომანქანების მძღოლები და ტერმინალები) სრულ კოორდინაციას, ჩართულ მხარეებთან ინფორმაციის რეალურ რეჟიმში გაცვლას და რომელიც ყატარული საზღვაო ხაზის ”მილაჰას“ გემის დამუშავებისას იქნა წარმატებით გაშვებული. აღნიშნული მოდელის სრულმასშტაბიან დანერგვას ახალმა კორონავირუსმა შეუშალა ხელი, თუმცა, მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისთანავე, სამუშაო პროცესი სწორედ ახლებური მეთოდით წარიმართება.
კომპანია “მილაჰას” ხომალდები რეგულარულად მოძრაობენ "შავი ზღვის ექსპრესის" მარშრუტით, რომელიც ფოთის, პირეოსისის, სტამბოლის და ნოვოროსიისკის პორტებს აკავშირებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემსუბუქებისთანავე, ჩვენმა საოპერაციო გუნდმა კომპლექსურობის მიუხედავად, გადაწყვიტა პროექტის ფარგლებში დაემუშავებინა ”მილაჰას“ გემი ”Michel A-ს” დატვირთვის ოპერაციები და შეძლო მიეღწია შთამბეჭდავი შედეგისთვის - ნულოვანი მოცდენა სწორედ “მილაჰას” გემის დამუშავებისას.
პროექტი, ამ დრომდე მხოლოდ ხუთ გემზე განხორციელდა და ყველა შემთხვევაში, აჩვენა მოცდენის მნიშვნელოვნად დაბალი დრო, ბოლო შემთხვევაში დააფიქსირა მოცდენის არარსებობა.
აღნიშნული წარმატებით მოტივირებული ”ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გუნდი სრული მასშტაბით შეუდგება ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაციით, მათთან თანამშრომლობით და შეთანხმებული მოქმედებით, პრობლემებისადმი ერთიანი მიდგომით და მხარდაჭერის მზაობით გემის დატვირთვის პროცესის დროის დანაკარგის - მოცდენის გარეშე ჩატარების უზრუნველყოფას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომელთაც მიეწოდებათ ტვირთი დროულად და ეზოგებათ მნიშვნელოვანი თანხები, ისევე, ნავსადგურისთვის, ტექნიკისა და ნავმისადგომების გამოყენების ეფექტურობის კუთხით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ამბობენ, რომ გემს, როცა არ მოძრაობს, შემოსავალი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ, იმის გამო, რომ გემი გრაფიკს ჩამორჩება, საზღვაო ხაზები ჯარიმებს იხდიან, რაც ზრდის ხარჯებს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილისთვის და შედეგად, საბოლოოდ, მაღაზიებში პროდუქციაზე ფასების ზრდამდეც მივყავართ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ლოგისტიკურ ჯაჭვში რაც შეიძლება შევამციროთ თავიდან აცილებადი მოცდენების რაოდენობა, რისთვისაც პროცესში ჩართული ყველა მხარისგან მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობაა აუცილებელი. აღნიშნული წარმატება მხარეთა ძალისხმევის ნათელი მაგალითია და აჩვენებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობაში ჩართული აქტორების ეფექტურობას, რაც დადებითად აისახება საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაზე საქართველოსა და მთელს რეგიონში“, - აცხადებს ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი.