გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ფონდი „გარემო და განვითარება” საქართველოში სრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის - ფარგას (Lucioperca) მოშენების პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ფონდის „გარემო და განვითარება” თავმჯდომარის, თემურ ტყემალაძის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 1000-მდე ერთეული 5 - 7 სმ. ლიფსიტა შემოიყვანეს.
„აზერბაიჯანიდან გადმოყვანილი 1000 ერთეული ლიფსიტა ველური ბუნების სააგენტოში, სპეციალურად მოწყობილ ტბორში აგრძელებს ზრდას და 16-31 სმ-ს მიაღწია.
ველური ბუნების სააგენტოს მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის, ფარგას სადედე ჯოგის მიღება, რომლის გამრავლების შემდეგ, მდინარე მტკვრის ზედა მხარისა და კრწანისის ტყეპარკის ტბორების დათევზიანება მოხდება.
ფარგა სპორტული თევზაობის საინტერესო ობიექტია, თუმცა ბევრ ქვეყანაში სარეწაო მნიშვნელობასაც ანიჭებენ. ფარგას პოპულაცია საქართველოს წყლებში თითქმის გაწყდა. სწორედ ამიტომ, ფარგაზე თევზაობისას, მნიშვნელოვანია თევზაობის მეთოდის „დაიჭირე და გაუშვი” დაცვა.
ველური ბუნების სააგენტოს 2016 წლიდან, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის თევზების მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სააგენტო გეგმავს, ფარგას, როგორც კასპიის ზღვის აუზის პოპულაციის, ასევე, შავი ზღვის აუზის ლიფსიტების შემოყვანას, გამრავლებას და ბუნებაში აღდგენას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.