CNBC - ამერიკულმა ხუთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ლობირებაზე ხარჯები 4%-ით შეამცირა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 4%-ით შემცირდა ხუთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ლობირებაზე დანახარჯები. საუბარია, 15,3 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ ტელეკომპანია СNBC იუწყება.

საუბარია, კომპანიებზე - Microsoft, Amazon, Apple, Facebook და Google. მათგან სამმა - Facebook-მა, Google-მა და Apple -მ ლობიზე ხარჯები მეორე კვარტალში 8%-ით (4,8 მლნ), 6%-ით(1,7 მლნ) და 31%-ით(1,5 მლნ) შეამცირეს. ხოლო Amazon-მა და Microsoft-მა პირიქით გაზარდეს, 1%-ით (4,4 მლნ) და 22% (2,9 მლნ-მდე).

ტელეკომპანიის ცნობით, Amazon-მა ლობიზე ხარჯები ერთი კვარტლის მონაცემებით, რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. მსოფლიოში უმსხვილესმა ონლაინ რითეილერმა წინა რეკორდი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაამყარა. კომპანია საკუთარ ინტერესებს ლობირებდა ისეთ სფეროებში როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, დაშიფვრა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.

The New York Times-ი ივნისში წერდა, რომ Amazon-ს, Apple-ს, Facebook-სა და Google-ის ინტერესებს 230 ადამიანი ლობირებს იმ მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, რომელიც ამ კომპანიების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევის გამო მიმდინარეობს. ამ ადამიანების 75% კი მანამდე ამერიკის ფედერალურ ხელისუფლებაში იკავებდნენ თანამდებობებს ან მუშაობდნენ პოლიტიკოსების საარჩევნო შტაბებში. გამოცემის ცნობით, ამ ოთხმა კომპანიამ 2016 წელს ლობიზე 27,4 მილიონი დოლარი დახარჯეს, ხოლო 2019 წელს 55 მილიონი.

კოკა კვირკველია