„კვლევის თანახმად, ბიზნესის 53% დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებას, 9% შემცირებას, 7% დასაქმებულთა ზრდას პროგნოზირებს"

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს, 31%-ს უჭირს პასუხი, კომპანიების 9 % შემცირებას პროგნოზირებს, ხოლო 7% -ს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი აქვს.

„კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან. გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ამავე კვლევის მიხედვით, კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი უკვე შეუმცირა, კომპანიების 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა, დასაქმებულების 20% სრულად ან ნაწილობრივ იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში, ხოლო კომპანიების 5%-მა სრულად ან ნაწილობრივ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

კვლევის ძირითადი მიმართულებები ეხება - კერძო სექტორის მიმდინარე ზარალის და გამოწვევების, ბიზნესის მოლოდინების, საშეღავათო პერიოდის, დისტანციური მუშაობისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სავაჭრო პალატამ კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩაატარა.