ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვები, რომელიც ძალაში დღეიდან შედის, ყველა დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ქალაქში 28 ივლისამდე იხურება სპორტული დარბაზები და გასართობი ცენტრები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს რესტორნებში საღამოს 6 საათის შემდეგ სადილობაც ეკრძალებათ.
მედიის ინფორმაციით, ის მოქალქეები, რომლებიც წესებს დაარღვევენ, 5 000 ჰონგ-კონგური დოლარით (645 აშშ დოლარი) დაჯარიმდებიან.
ცნობისთვის, ჰონგ-კონგში ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. ქალაქში, გასული დღის განმავლობაში, „კოვიდ 19“-ის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.