კორონავირუსისგან ,,ჩავარდნილ“ ტურიზმს წელს ვერაფერი შველის. მთავრობის აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, საზღვაო თუ სამთო კურორტებზე დამსვენებლების სიმცირეა. მდგომარეობა ცოტათი უკეთესია სამკურნალო კურორტებზე, რომლებსაც ხალხი ასე თუ ისე გვერდს ვერ უვლის, თუმცა პრობლემა აქაც აშკარად შესამჩნევია.
გასაგები მიზეზის გამო, უცხოელი დამსვენებლები საქართველოში აღარ არიან, ხალხს კი შიდა კურორტებზე დასვენების საშუალება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის სასტუმროების ტარიფი თითქმის განახევრდა და კერძო სახლების მფლობელებმაც ფასები დასწიეს, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში დასვენებას მაინც ვერ ახერხებს.
სულ რაღაც ათიოდე დღეა, სურამს გამოცოცხლება დაეტყო. დამსვენებლები ძირითადად კერძო სახლებს ქირაობენ, რომლის დღიური ღირებულება 25-30 ლარიდან იწყება და მომსახურების ხარისხის მიხედვით, 70-80 ლარამდე მატულობს. ადგილობრივების თქმით, საკურორტო სეზონზე ბინის გაქირავება მათი დიდი ნაწილისთვის ერთადერთი შემოსავალია, რითაც თავის რჩენა მომდევნო სეზონამდე უწევთ.
სურამის მკვიდრი ლუიზა გელაშვილი “ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ ძირითადად, ნაცნობი დამსვენებლები სტუმრობენ, რომლების სურამში ჯანმრთელების გამო ჩადიან. მათი უმეტესობა მოხუცები ან ბავშვები არიან.
,,მაისში კორონავრისუსთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო დამსვენებლების მიღება შეუძლებელი იყო. ამიტომ სურამისთვის ყველაზე აქტიური სეზონი მთლიანად ჩავარდა, არც ივნისში გაუმჯობესებულა სიტუაცია, მაგრამ ივლისიდან ვითარება შეიცვალა. ახალი დამსვენებლები არ გამოჩენილან, უმეტესად ის ადამიანები გვსტუმრობენ, რომლებიც გვიჩნობენ, გვენდობიან და უსაფრთხოების გარანტია აქვთ.
ვირუსმა იმდენად დააფრთხო ხალხი, რომ ბევრი სურვილის მიუხედავად, ჩაკეტილ ცხოვრებას აგრძელებს, ძნელია ადამიანის დარწმუნება, რომ ის რამდენიმე დღით გავა სახლიდან და საფრთხე არ დაემუქრება. Aმიტომ, ძირითადად, ჩვენი კლიენტები ჩამოდიან ოჯახებით, მათი უმეტესობა ბავშვები და მოხუცები არიან. შარშანდელთან შედარებით დამსვენებლების ნახევარი დავკარგეთ, მაგრამ ბევრი ოჯახია, სადაც ასეთი სიტუაცია სანატრელი აქვთ, დამსვენებლების აშკარა დეფიციტია“, - განაცხადა ლუიზა გელაშვილი.
ამავე დაბის მკვიდრი ნოდარ ბარბაქაძე ამბობს, რომ შარშან 25 ოჯახის მასპინძლობა შეძლო და წელს მათგან მხოლოდ 3 ოჯახი ჩამოვიდა, სახლი ამჟამად ცარიელია.
,,რთული სიტუაციაა, მთელი შესაძლებლობა სახლის გამართვას მოვახმარე, ბანკის ვალიც მოვიშველიე, მაგრამ ახლა მთელი სახლი ცარიელია. სეზონის დასაწყისში 3 ოჯახის მიღება შევძელი. ამდენივე შიძლება აგვისტოში მივიღო, შკვეთა მივიღ, მაგრამ გარანტირებული არ არის, შესაძლოა, ჯავშნები გააუქმონ, ეპიდემიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული“, - ნოდარ ბარბაქაძე.
შედარებით ხალხმრავლობა შეინიშნება ბახმაროშიც, რომელიც უნიკალური კურორტია თავისი ჰავითა და შესანიშნავი წყლით, თუმცა იქაც პრობლემებია.
,,მესამე წელია, ბახმაროში დავდივარ, უნიკალური ჰაერია, ამიტომ სხვაგან არც მიფიქრია წასვლა. შარშან დღეში 60 ლარს ვიხდიდი, წელს სახლის მფლობელმა შეღავათი გამიწია და 45 ლარად ვისვენებ. რამდენიმე წლის წინ აქაურობა უპატრონოდ იყო მიგდებული, მაგრამ თანდათან მზრუნველი ხელი დაეტყო. ეპიდემიური სიტუაცია რომ არ გვქონდეს, წარმატებული სეზონი გვექნებოდა, ამისთვის ყველა პირობაა ბახმაროში“, - გვითხრა ნინო გულიამ.
დამსვენებლების სიმცირეა ზღვისპირა კურორტებზეც. როგორც ბათუმში მდებარე მცირე სასტუმროს მფლობელმა მაიკო ბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ აცნობა, ვირუსის შიშით ხალხმა ზღვაზე დასვენებაზე უარი თქვა, რაც აჭარის მთელ ზღვისპირა ნაწილს დაეტყო, ყველგან დამსვენებლების სიმცირეა.
,,ვერ ვიტყვი, რომ განახევრდა, ხალხი, ფაქტობრივად, აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ზღვის საშუალებით კორონავირუსის გავრცელების რისკს ადასტურებს, მოსახლეობა მაინც შეშინებულია. რა შეღავათიც არ უნდა გაუწიო, დასვენებას ზღვაზე ვერ რისკავენ. უფრო შაბათ-კვირის გასატარებლად ჩამოდიან, ახალგაზრდები ჩამოდიან და მალევე ბრუნდებიან. აგვისტო-სექტემბერში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, რამდენიმე შეკვეთა მივიღეთ, მაგრამ სათვალავადაც არ ღირს, იმდენად დიდი დანაკარგია“, - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.
ტურიზმის ბიზნესში ჩართულები ფიქრობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორება აგრო და ეკო ტურების საშუალებით ყველაზე პერსპექტიულია. მართალია, მიმდინარე სეზონისთვის დაგეგმილი შეკვეთები უცხოელმა ტურისტებმა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმროშიც გააუქმეს, თუმცა სასტუმროს მფლობელი ოპტიმიზმს არ კარგავს. მომაჯადოებელი გარემოს წყალობით ზებურ ბოლქვაძე მნახველების გაოცებას ყოველთვის ახერხებდა. ახლაც, ტურიზმში არსებული პრობლემის მიუხედავად, ბიზნესის გაფართოებას აპირებს და დამსვენებელთა გააქტიურებას შემოდგომიდან ვარაუდობს. მისი თქმით, ამ პერიოდისთვის დაგეგმილი ტურები ჯერჯერობით არ გაუქმებულა.
ზებურ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ აგროტურიზმის პოტენციალი საქართველოსთვის ამოუწურავია და მასზე აქცენტის გაკეთება დარგს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დიდ მოგებას მოუტანს.
,,წლების წინ საზღვაო ტურიზმიც კი ნაკლებად იყო განვითარებული, მაგრამ საინფორმაციო კამპანია მაინც მიმდინარეობდა. ეს აუცილებელი იყო, რომ საქართველო გაეცნო მსოფლიოს. აი, ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვე, რომ აჭარაზე მომზადებულ ვიდეორგოლში სულ მცირე ადგილი აგრო ტურიზმისთვის დაეთმოთ. მარტო გობრონეთს კი არა, საქართველოს ყველა სოფელს აქვს პოტენციალი, ამოუწურავი პერსპექტივა აგრო და ეკო ტურიზმში, რითაც ყველა თაობის ადამიანს დააინტერესებს - ქართველია თუ უცხოელი. ყოველთვის ამას ვამტკიცებდი და გამართლდა. ახლა ჭკუას მეკითხებიან, როგორ გააკეთონ სასტუმრო ბიზნესი, რა ეტაპები გაიარონ...
4 წელი მხოლოდ წაგებაზე, ენთუზიაზმით ვიმუშავე, რათა დამემტკიცებინა, რომ ჩემი იდეა სწორი იყო. დღეს დასამტკიცებელი არაფერია! მიმაჩნია, რომ ბევრად საინტერესოა მაღალმთიან აჭარაში დასვენება. გარდა იმისა, რომ ბევრი საქართველოს მოქალაქე აქ არ არის ნამყოფი, ბათუმელები და ქობულეთელებიც კი, არ იცნობენ აქაურობას. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გვეწვიონ და მათთვის უცნობი აჭარა გაიცნონ", - აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ზებურ ბოლქვაძემ.
ტურიზმში არსებულ პრობლემას ადასტურებს „თიბისი რისერჩის" კვლევა, რომლის მიხედვითაც, ივლისის მიმდინარე ჯავშნების მიხედვით თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში 9% და რეგიონებში 14%.
დოკუმენტის თანახმად, გასულ კვირასთან შედარებით, აქტივობა გაზრდილია ბათუმის (+4 პპ) და რეგიონის (+3 პპ) სასტუმროებისათვის და შედარებით სტაბილურია და თბილისში (-1 პპ) .
,,3-4 ივლისის უქმეებზე რეგიონის ზოგიერთ სასტუმროში დატვირთულობა 65%-დან 85%-მდე მერყეობდა. რეგიონის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში 50%-მდეა შემცირებული. ბათუმში შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება," - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ამდენად, ტურისტულ სექტორში მდგომარეობის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ მცირეა და არც პერსპექტივაა საიმედო. თუ მდგომარეობა აგვისტოში მაინც არ გამოსწორდა, მერე უკვე მომავალ გაზაფხულამდე სიტუაციის შეცვლის შანსი აღარ იქნება.
წყარო: გაზეთი „რეზონანსი"