„როიტერსი“ - ჩინეთმა, შესაძლოა, უხანში აშშ-ის საკონსულო დახუროს

ჩინეთმა, შესაძლოა, ქალაქ უხანში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახუროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც ჩინეთში აშშ-ს საელჩოს გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა და ამისთვის სამდღიანი ვადა მისცა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვან ვენბინის თქმით, საკონსულოს დახურვის მოთხოვნა „აღმაშფოთებელი და გაუმართლებელი“ გადაწყვეტილებაა და ჩინეთი ამ ნაბიჯს შესაბამისი ზომებით უპასუხებს.