2020 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 10.1 პროცენტიანი ზრდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მაისთან შედარებით ფასები 0.8 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.66 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე (-2.4 პროცენტი), ასევე რეზინისა და პლასტმასის პროდუქტებზე (-4.0 პროცენტი).
ამავე პერიოდში ფასები შემცირდა ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (-4.5 პროცენტი), რამაც -0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 8.05 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.4 პროცენტი), ძირითადი ლითონები (11.2 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (12.6 პროცენტი) და სასმელები (6.3 პროცენტი);
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (45.1 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.69 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა,“-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.