იაპონიის მთავრობა საქართველოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შესაძენად 2.8 მლნ აშშ დოლარამდე თანხას გამოუყოფს

საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას გამოყოფს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შესაბამის ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მოაწერეს.

„არასაპროექტო გრანტი გამოყენებულ იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენისთვის.

აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მერვეა. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2006-2015 წლებში საქართველოსთვის გამოიყო დაახლოებით, 3,8 მილიარდი იაპონური იენი მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.

შეთანხმების ხელმოწერამდე, ორ მხარეს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა საგრანტო დახმარების ფარგლებში უწევს საქართველოს ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების განვითარების პროცესში.

ხაზი გაესვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) როლს განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთები) დაფინანსების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობის მიერ საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 4.2 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას. ასევე, მნიშვნელოვანია პროექტი „Clean Energy by Solar Electricity Generation“, რომლის ფარგლებშიც, მზის პანელები გადაეცა და დამონტაჟდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებზე.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.