საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასსა“ და შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.
ამის შესახებ სემეკიდან იუწყებიან.
სემეკის ინფორმაციით, თუ კომპანიების მიერ დარღვევები განმეორდება, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდებიან.
„სს „თელასის“ შეთხვევაში გაფრთხილების საფუძველია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2019 წლის მაჩვენებლების 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესება. სემეკის ნორმატიული აქტების თანახმად, ლიცენზიატი კომპანია ვალდებულია, შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები.
სს „თელასს“ დაევალა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე კომისიაში წარმოადგინოს მაჩვენებლების გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ დააფიქსირა მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება „მომსახურების ხარისხის წესებს“.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის დარღვევები განმეორდება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.