მსოფლიოში ბანანის ბიზნესი კოლაფსის წინაშეა. ეკვადორის ბანანის ექსპორტზე კატასტროფულად დაბალი მოთხოვნა და ფასი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას FreshFruitPortal-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის ერთი ყუთი პროდუქტის ფასი 3,5 დოლარამდე დაეცა, რაც ეკვადორის მთავრობის მიერ დადგენილი მინიმალური ღირებულების ნახევარია.
კორონავირუსის გამო, ბაზარზე მოთხოვნისა და ფასების შემცირება იანვრიდანვე დაიწო, ეკვადორში კი ბანანის წარმოება პირიქით, გაიზარდა. ამას დაემატა ის, რომ წლის დასაწყისში ჩინეთის ბაზარი უკვე პარალიზებული იყო, თებერვალში კი პრობლემები დაიწყო შუა აღმოსავლეთშიც, როდესაც თურქეთმა ირანთან, ერაყთან და სირიასთან საზღვრები დახურა. უკვე მარტიდან "კოვიდ19-ს" გამო კრიზისი დაიწყო ევროპულ ბაზარზეც, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ეკვადორიდან ბანანის ექსპორტზე.
EastFruit-ის მონიტორინგის მიხედვით, ბანანის ფასი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცირდება. რაც შეეხება საქართველოს, პროდუქტის ფასი თითქმის მესამედით შემცირდა და ამ დროისთვის 1 კგ-ს ღირებულება 2,6 ლარს შეადგენს.