გიგლა მიქაუტაძე - რომ არა „ქართული ოცნება“, წელს ანაკლია პირველ გემს მიიღებდა

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის რეალიზებას ხელს „ქართული ოცნება“ უშლის.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

გიგლა მიქაუტაძის თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ მოდის კონკრეტული გეგმით, როგორ აქციოს ქვეყანა რეგიონის მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად და როგორ შექმნას ახალი 200 000 სამუშაო ადგილი.

„რა ცინიზმია გერქვას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში და ხალხს ანაკლიის პორტის აშენებას ჰპირდებოდე. ბატონებო, როგორ შეგიძლიათ ასე ურცხვად აყაროთ ხალხს თვალში ნაცარი? რომ არა თქვენი გუნდის ორკესტრირებული შეტევა და თქვენი პოლიტიზებული პროკურატურა, მის მიერ შეთითხნილი უსაფუძვლო ბრალდებებით პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ, უკვე წელს ანაკლია პირველ გემს მიიღებდა. სწორედ თქვენ უშლით ხელს ამ პროექტის რეალიზებას და სანამ თქვენ მართავთ ქვეყანას, ის არ განხორციელდება. თუმცა, თქვენი დაპირება იმის აღიარებაა, რომ სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ სჭირდება და თქვენც კარგად გესმით ხალხის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ჩვენ მოსახლეობას მინდა მოთმინებისკენ მოვუწოდო. ანაკლიის პორტი და დიდი ინდუსტრიული ქალაქი მის ირგვლივ აუცილებლად აშენდება, მას შემდეგ, რაც დღევანდელ ხელისუფლებას სახლში გავისტუმრებთ და ქვეყნის მართვის სადავეებს ეროვნულ მთავრობას ჩავაბარებთ, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელებს“,- განაცხადა მიქაუტაძემ.