ეროვნული ბანკი - მასშტაბური რეფორმა გატარდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში და 14 ივლისს მიღებული "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

„2014 წლიდან ამოქმედებულმა მონეტარული პოლიტიკის მექანიზმმა და ბოლო წლებში სახაზინო ობლიგაციების ბაზრის გაფართოებამ, აგრეთვე 2018 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის ასევე დიდ როლს შეასრულებს 2019 წელს ამოქმედებული საპენსიო რეფორმა, რომელიც გრძელვადიანი დანაზოგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს 1 ასოცირებული წევრი გახდა და უახლოეს მომავალში ორგანიზაციის მუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებასაც ელოდება. IOSCO-ს მუდმივი წევრობა პოზიტიური სიგნალია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრების მოთამაშეებისთვის, რადგან გამჭვირვალობისა და ინვესტორთა ინტერესების დაცულობისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნების არსებობის გარანტია. ამასთან, მისი წევრობა აფართოებს ქვეყნებს შორის ფინანსური ბაზრების ინტეგრაციისა და საქმიანობის სფეროების ზრდის შესაძლებლობებს. IOSCO-ს მუდმივი წევრის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო დაუახლოვდეს IOSCO-ს მიერ შემუშავებულ რეგულირების ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს.

2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში და 14 ივლისს მიღებული "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს მსგავსი მასშტაბის რეფორმა 1999 წელს "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ არ განხორცილებულა.

ორივე კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და სრულად შეესაბამება ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ საერთაშორისო პრაქტიკასა და IOSCO-ს პრინციპებს”,-აღნიშნავენ სებ-ში.

დეტალური ინფორმაცია რეფორმების შესახებ იხილეთ ბმულზე-

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3995