ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა

ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სჭირდება სერიოზული გაფრთხილება. ეს არ არის მხოლოდ იმიჯი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელსაც დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების უფლება დაუტოვა.

„რაც შეეხება „ფრონტერასთან“ მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ჩვენი, ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა. „ფრონტერა“ 1997 წლიდან გახლავთ საქართველოში და იმ დროს გააფორმა სწორედ სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება. მას შემდეგ მას რამდენჯერმე დაუდგა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების და მან პრაქტიკულად ვერცერთხელ ვერ შეასრულა ეს ვალდებულებები, რის გამოც რამდენჯერმე სახლმწიფომ გადაუვადა ეს ვალდებულებები. 2017 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ შემოვიდა მოთხოვნით და დავინახეთ, რომ ის ვერ ასრულებს ამ ვალდებულებებს, იძულებულები გავხდით, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა.

დავის შემდეგ არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შემდეგაც „ფრონტერას“ დაეკისრა დავასთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, რაც დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. მხოლოდ ეს ფაქტიც კი არის იმის დასტური, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო. დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-მდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და „ფრონტერამ“ უკვე გვაცნობა წერილობით, რომ ამას აბრუნებს და ეს ნაწილი უდავოა. ჩვენ შეგვექმნა სრული საფუძველი იმისა, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი ფრონტერათან“. ეს შეეხებოდა იმ 1% ტერიტორიასაც, სადაც არა „ფრონტერას“ გამო, საბჭოთა დროიდან არსებობს ჭაბურღილები და ხდებოდა ნავთობის მოპოვება. ამ 1%-თან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვაჩერებთ კონტრაქტის მოშლის მოთხოვნას, ვუტოვებთ ამ 1% ტერიტორიას ლიცენზიის ვადით და შეუძლია „ფრონტერას“ გააგრძელოს საქმიანობა. 27 ივლისს შეგვეძლო მოგვეშალა ხელშეკრულება, რადგან კონტრაქტს ვადა გასდიოდა და ეს ტერიტორიები სრულად დაგვებურუნებინა სახელმწიფოს საკუთრებაში. ნაცვლად იმისა, რომ „ფრონტერას“ ეს ვადა გამოეყენებინა ვალდებულებების შესრულებისთვის, გაესტუმრებინა 14 და მეტი თვის დავალიანება იქ დასაქმებული ადამიანების წინაშე, თავისი რესურსი და ფინანსური აქტივები მიმართა იქეთკენ, რომ გაეჩაღებინა არნახული მადესკრედიტირებელი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ცდილობდა ეს ერთი რუტინული დავა წარმოეჩინა სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტურ ვითარებად. სამწუხაროა, რომ ამაში თავისდაუნებურად ჩართულები აღმოჩნდნენ ჩვენი სტრატეგიული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას იღებდნენ როგორც „ფრონტერასგან“, ასევე მათ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან“, - განაცხადა თურნავამ.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნათია თურნავა საქართველო- ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობით ხსნის.

„საქართველოს საინვესტიციო იმიჯი არის ყველა რეიტინგით ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და მიმზიდველი ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის. ასევე, ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამრიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც არცერთ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ გაჩაღებული თავდაცვითი კამპანიის გამო. ჩვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ მთავრობამ და ვტოვებთ „ფრონტერას“ თავისი 1%-ის არეალის ფარგლებში განახორცილოს ძებნა-ძიების ოპერაციები. გამოვხატავთ იმედს, რომ „ფრონტერა“ მოაწესრიგებს თავის ურთიერთობებს მუშა-მოსამსახურეებთან, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ხელფასების გასტუმრებას და ზოგადად მოაწესრიგებს კრედიტორებთან ურთიერთობას.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კვლავაც გაგრძლდეს ძალიან წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა, სამხედრო, თუ განსაკუთრებით ეკონომიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა. მცირედი ჩრდილიც კი არ უნდა მიადგეს ამას“, - განაცხადა თურნავამ.