ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს გავაგრძელებთ, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ეს ტაქტიკა და პოლიტიკა ჯერ კიდევ მაისში იყო ცნობილი.
„რაც შეეხება „რაინეარს“ და „ვიზეარს“, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ვიზეარი“ 2016 წელს შემოსულიყო საქართველოში, 2019 წელს გაეფართოებინა არსებითად არეალი და 2019 წელს შემოსულიყო „რაინეარი“. ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე ფრენების, რაც მათთვისაც კომერციულად იქნება მიმზიდველი და არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად. მე ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენ შორის ვიღაცას სურს მედიატორის ფუნქცია იკისროს. არ არის ეს საჭირო, არანაირი პრობლემა ჩვენ შორის არ არსებობს, თუკი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს. ჩვენი მოტივაცია მარტივია, ეს არის ადამიანების დაცვა,“ - განაცხადა თურნავამ.