დავით ზალკალიანი „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე - დარწმუნებული ვარ, ამას შესაბამისი შეფასება ექნება სატრატეგიული პარტნიორების მხრიდან

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე იყო განპირობებული.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აშშ-სთან ურთიერთობა არის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხი.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს უმაღლეს შეფასებებს, მიუხედავად არსებული კერძო დავისა. ჩვენ აბსოლუტურად გამყრებული პოზიცია გვქონდა „ფრონტერასთან“ მიმართებაში. აშშ-სთან ურთიერთობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ფუნდამენტური და პრინციპული საკითხი. აქედან გამომდინარე, ოფიციალურ დონეზე, „ფრონტერასთან“ დაკავშირებული საკითხი არასდროს არ ყოფილა განხილვის თემა და მას არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა მინიჭებული, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობდნენ „ფრონტერას“ მესვეურები. იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, რუტინული, კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამაზიანებელი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსთვის აშშ-სთან პარტნიორობა ყველა მიმართულებით არის გამართლებული. მათ შორის, საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით და ასევე, იმ შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. დარწმუნებული ვარ, ამას ექნება შესაბამისი შეფასება ჩვენი სატრატეგიული პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.