ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში“ ცვლილებები შევიდა, რაც ბიზნეს სუბიექტებს შესაძლებლობას აძლევს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ იმ შემთხვევაში, თუკი მათ პანდემიის დროს, სახელწმიფო ქონებასთან მიმართებით არსებული ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულებაში პრობლემები შეექმნათ.
როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული კანონი უკვე ძალაშია და ბიზნეს სუბიექტებს შეუძლიათ ქონების მართვის სააგენტოს 6 თვის ვადაში მიმართონ.
ორიოდე დღის წინ ძალაში შევიდა ის ცვლილებები, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებები სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებს შესაძლებლობას ანიჭებს, მიმართონ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუკი პანდემიის დროს, საგანგებო ვითარების გამო, პრობლემები და შეფერხებები შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან მიმართებით არსებული ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულებაში. ეს ეხება პრივატიზაციას, იჯარებს, მართვის კონტრაქტებს. ნებისმიერ საკონტრაქტო ურთიერთობას, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო ქონების გადაცემათან, განკარგვასთან, იჯარასთან, გასხვისებასთან“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, კონკრეტულმა პირმა უნდა დაასაბუთოს, რომ სწორედ საგანგებო ვითარების გამო შეექმნა პრობლემები, რის შემდეგაც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ეს კანონი ამიერიდან მოქმედებაშია. მივმართავ ბიზნესებს, უახლოესი 6 თვის პერიოდში ვისაც შეუძლია, დაასაბუთონ, თუ პრობლემა შექმნათ, მიმართონ ქონების მართვის სააგენტოს და ისარგებლონ კანონის ამ უფლებამოსილებით“, - განაცხადა თურნავამ.