ნიკო მჭედლიშვილი „ფრონტერაზე“ - საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა

„საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს ამერიკულ ბიზნესს ხელი შეუწყოს“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკო მჭედლიშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 27 ივლისს აღარ შეწყდება კონტრაქტი „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ და ამით კომპანია მიეცემა შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ“ , საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, საქართველოს „მთავრობის გადაწყვეტილებით, "ფრონტერას" მოესპობა შესაძლებლობა, ამერიკელ კანონმდებლებს ლობისტების დახმარებით დროდადრო აწოდოს არასწორი ინფორმაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ბიზნეს-გარემოსი“.

მისი თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, "ფრონტერამ" სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორიის ის 99 პროცენტი, სადაც მას ძებნა-ძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია.