უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მაქსიმალურად გახსნილი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო ხვდებათ - სოსო არჩვაძე

„ფრონტერასათვის“ მიცემული კიდევ ერთი შანსი - ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფირმისათვის გაგზავნილი მკაფიო შეტყობინება, არამედ ზოგადად ამერიკელი, ევროპელი და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინვესტორებისათვის, თუ რამდენად გახსნილი და კეთილსაიმედოა საქართველოს ხელისუფლება უცხოელი ინვესტორებისათვის, რომ მათ საქართველოში ელოდებათ არა სამართლებრივი „ჯუნგლები“ და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მტრული დამოკიდებულება, არამედ მაქსიმალურად გახსნილი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო, ხელშეწყობა, რომელიც ინვესტორთა მხრიდან ასეთივე ცივილიზებულ და სამართლიან დამოკიდებულებას უნდა ეფუძნებოდეს,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას „ფრონტერას“ შესახებ.

მან შესაბამისი პოსტი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

„საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ჯერაც სუსტი სახელმწიფოა, მაინც ნელნელა, „შეუმჩნევლად“ ამკვიდრებს ჰუმანიზმზე და ტოლერანტობაზე დამყარებულ ურთიერთობათა ახალ სისტემას, ფასეულობათა ახალ შკალას - ურთიერთობებს, სადაც საზოგადოებრივი წარმოებისა და საქმიანობის ერთადერთი და ექსკლუზიური მიზანი არაა მოგებაზე ორიენტაცია,“ - წერს სოსო არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, „სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“.