საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის წევრის, შემდგომ კი თავმჯდომარის პოსტზე, დავით ნარმანიამ ერთ წელში, ხელფასის სახით 150 039 ლარი მიიღო.
ამის შესახებ მის მიერ, მიმდინარე წლის 26 ივნისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე, 2017 წლის 22 დეკემბრიდან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. 2014 - 2017 წლებში კი, დავით ნარმანია თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2019 წელს შეიძინა 647,9 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (მშენებარე, რეკონსტრუქცია) თბილისში, რაშიც 249 000 ლარი გადაიხადა. ამავე მისამართზე, მის საკუთრებაშია 2018 წელს 180 000 აშშ დოლარად შეძენილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთიც.
გარდა ამისა, 2008 წელს 36 000 დოლარად აქვს შეძნილი 97 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში. 2012 წელს კი, მემკვიდრეობით გადაეცა 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზუგდიდში, სოფელ კოკში.
ხოლო, მისი მეუღლის საკუთრებაშია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში 7100 აშშ დოლარად შეძენილი 3584 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში დავით ნარმანია ფლობდა:
,,თიბისი ბანკის" სახელფასოზე - 206 ლარს, "საქართველოს ბანკის“ სოლოზე - 300 ლარს.
აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანია არის შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-ანი წილის მფლობელი.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, დავით ნარმანიამ 2019 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსით, ხელფასის სახით 17 174 ლარი მიიღო;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის წევრის, შემდგომ კი თავმჯდომარის პოსტზე - 150 039 ლარი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით - 6 354 ლარი; ხოლო, სხვა ინსტიტუტებში ერთჯერადად მიწვეული ლექტორის სტატუსით - 1 291 ლარი.