ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ის არაგონივრულ ნაბიჯებს ჩინეთმა პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს

აშშ-ის არაგონივრულ ნაბიჯებს ჩინეთმა პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს და საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა, რითაც ის ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვის შესახებ აშშ-ის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს მნიშვნლოვნად დააზიანებს.

„აშშ-ს ეს გადაწყვეტილება აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ეს ამერიკელ და ჩინელ ხალხებს შორის მეგობრობის ხიდის ჩანგრევას ნიშნავს. აშშ-ის არაგონივრულ ნაბიჯებს ჩინეთმა პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ ვაშინგტონმა პეკინს ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვა მოსთხოვა და ამისთვის 72 საათი მისცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვაა.