სავაჭრო პალატა - ვმუშაობთ აპლიკაცია AOKpass-ის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას

ვმუშაობთ აპლიკაცია AOKpass-ის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, სავაჭრო პალატის საგარეო ურთიერთბების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეწარმეობის ცენტრის სტამბოლის ოფისის მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელიც ეხებოდა მსოფლიოში ტურიზმის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში არსებულ ციფრულ გადაწყვეტებს.

„ვებინარზე განიხილეს ტურიზმის გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები საქართველოსა და თურქეთში არსებული მდგომარეობის ჭრილში. ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დანერგილი ციფრული აპლიკაცია AOKpass-ზე იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გარანტიებით.

სავაჭრო პალატის წარმომადგენელსა და AOKpass -ის წარმომადგენელს შორის უახლოეს დღეებში შედგება ონლაინ შეხვედრა აღნიშნული აპლიკაციის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტთანაც გაიმართება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.