ამერიკული კომპანია Tesla აპირებს ახალი ქარხნის გახსნას ოსტინთან ახლოს შტატ ტექსასში, სადაც გეგმავს აწარმოოს ელექტროპიკაპი Cybertruck და ელექტრომობილები Model 3 და Model Y. ამის შესახებ კომპანიის თავკაცმა ილონ მასკმა ტელეკონფერენციის დროს განაცხადა.
„მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ მორიგ გიგა-ქარხანას ავაშენებთ ტექსასში, ოსტინის აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე და 15 წუთის სავალზე ამ ქალაქის ცენტრიდან,“ - განაცხადა მასკმა.
მისივე ინფორმაციით ქარხნისთვის გამოიყენებენ 809,3 ჰექტარ ფართობს. მასკმა პირობა დადო, რომ ქარხნიდან, რომელიც მოწოდებულია იყოს „ეკოლოგიური სამოთხე“, გადაიშლება შესანიშნავი ხედი მდინარე კოლორადოზე.
კომპანია ამ რაიონში სპეციალური ტრასის აშენებას გეგმავს, ველოსიპედისტებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის. მასკს არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიწყება ქარხნის მშენებლობა. ამ დროისთვის კომპანია ელექტრომობილების ამერიკის ორ ქარხანაში ნევადასა და კალიფორნიაში აწამროებს, კიდევ ერთ გიგაქარხანას ამუშავებს შანხაიში, ხოლო ბერლინის ქარხნის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს. შესაბამისად, ტექსასის ქარხანა იქნება რიგით მეხუთე გიგაქარხანა რომელშიც კომპანია ავტომობილების წარმოებას შეუდგება.
როგორც ცნობილია, კომპანია დიდი ხანია ეძებს შესაფერის ადგილს ქარხნისთვის. მთავარ პრეტენდენტებად ითვლებოდა ქალაქები ტალსა ოკლაჰომაში და ოსტინი ტექსასში.