სამოგზაურო პლატფორმა Lonely Planet-ი საქართველოს მთავრობის ახალ პროექტზე "იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ სტატიას აქვეყნებს

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა Lonely Planet-ი საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს "იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ ვრცელ სტატიას და ვიდეო რგოლს უძღვნის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

“კორონავისურსით გამოწვეული კრიზისის გამო საზღვრების დახურვამ გვაიძულა გადავხედოთ ჩვენს სამუშაო და სამოგზაურო გზებს. პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის სურვილია „ფრილანსერები“ და თვთდასაქმებულები მოიზიდოს, რომ იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოდან. ამ პროექტის მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინირებული გახსნა“,- წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი რიჩარდ ქოლეთი. ამასთან, სტატიაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატაა მოყვანილი.

„ჩვენ საქართველოში ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას და მათ ვთავაზობთ ცხოვრების უფლებას. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან“,-აღნიშნავს მინისტრი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ.

"რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. #იმოგზაურესაქართველოსთვის“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.