ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის, „ფრონტერას” პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიერ დღეს „ფრონტერასთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან,არც ერთი არ შეესაბამება სიმართლეს.
“ინერპრესნიუსთან“ საუბრისას მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მთავრობა “ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ მოშლის, ზაზა მამულაიშვილი გაუგებარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობას კონტრაქტის შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა.
„ხელისუფლებას კონტრაქტის შეწყვეტის უფლება არც ხელშეკრულებით და არც კანონით არ ჰქონდა. ასე რომ, თავის დროზე ცოტა გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ასევე გაუგებარია დღეს, მათი ეს განცხადება, რომ უკანონო ქმედების ჩადენას აღარ აპირებენ.
რაც შეეხება იმას, რომ ტერიტორიის 1%-ის არეალში შეუძლია „ფრონტერას“ სამუშაოს განხორციელება, მე არ ვიცი რა მათემატიკას იყენებს ქალბატონი მინისტრი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ სახელმწიფოსთვის ტერიტორიის 99% უნდა დაგვებრუნებინა და ეს არც გაგვიკეთებია. რაც თქვა, არც ერთი წინადადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. თითქოს ვარღვევდით პირობებს, თითქოს არბიტრაჟმა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება დაგვაკისრა, ეს არაა სიმართლე. მთავრობამ გააგრძელა დეზინფორმაციის გავრცელების ჩვეული სტილი", - აღნიშნავს ზაზა მამულაიშვილი.
„ფრონტერას” პრეზიდენტი მთავრობის ამ ნაბიჯს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტს უკავშირებს, რომელშიც საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის წინაპირობად დემოკრატიული განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის და სხვა კომპონენტები სახელდება.
კითხვაზე, რას ცვლის მთავრობის დღევანდელი განცხადება კომპანიასა და მთავრობას შორის ურთიერთობაში, "ფრონტერას" პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების ფონზე, რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეძლებს კომპანია ეფექტურად საქმიანობის გაგრძელებას.
„სამწუხაროდ, დღესაც დავინახეთ ეკონომიკის მინისტრის რიტორიკიდან თუ როგორ ცილის მწამებლურად ჩამოაყალიბა ჩვენი სტატუსი კონტრაქტთან მიმართებაში. რთული წარმოსადგენია, რომ ასეთი მტრული დამოკიდებულება ინვესტიციებისა და კომპანიის მიმართ საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ კვლავ. უნდათ ვაშინგტონში პოლიტიკოსებს თავი მოაჩვენონ, რომ კარგ გარემოს უქმნიან ამერიკულ კომპანიებს, მეორე მხრივ აგრესიული, არასაქმიანი დამოკიდებულება აქვთ“, - აღნიშნავს ზაზა მამულაიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
დღესვე, მთავრობის სხდომის შემდეგ საკითხზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების უფლება დაუტოვა.