კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო ბელგია 25 ივლისიდან ზომებს ამკაცრებს

კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო ბელგია ზომებს ამკაცრებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახალი წესები 25 ივლისიდან ამოქმედდება.

„გასული კვირიდან ინფიცირების მაჩვენებელი დრამატულად გაიზარდა. ყოველ დღე საშუალოდ 193 ახალი შემთხვევა გვაქვს, ორშაბათს კი პიკი იყო 370 შემთხვევა. შაბათიდან, 25 ივლისიდან, პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება მარკეტებში, ღია ცის ქვეშ ბაზრობებზე, სავაჭრო უბნებში და ყველა იმ ადგილას, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს, ექნება ეს კერძო თუ საჯარო თავშეყრის სივრცე“,- განაცხადა პრემიერმა.

ღამის სავაჭრო ცენტრები საღამოს 10:00 საათზე დაიკეტება, რათა საჯარო ადგილებში შეიზღუდოს გარკვეული შეკრებები, რამაც შეიძლება სარისკო ქცევა განაპირობოს. ამასთან, სავაჭრო ცენტრების სტუმრებმა ადგილზე უნდა დატოვონ ტელეფონის ნომრები ან მეილის მისამართები, რათა ამ ადგილებში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ინფექციის წყაროს კვალის მიგნება გამარტივდეს. გამკაცრებული წესების თანახმად, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ბარებსა და რესტორნებში.

ქვეყანაში საკარანტინე ზომები მარტში დაწესდა და კორონავირუსის შემთხვევების კლებასთან ერთად მათი შემსუბუქება დაიწყო. ბელგიაში კორონავირუსის სულ 64 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და კოვიდ-19-ს 10 000-მდე პაციენტი ემსხვერპლა.