SpaceX-ი დამატებით 44 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს

ამერიკული კომპანია SpaceX-ი დამატებითი 44 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ილონ მასკის კომპანია პირველ ეტაპზე აპირებს ფასიანი ქაღალდების ემისიას, თითოს 270 დოლარად და ამ გზით 1 მილიარდი დოლარის მიღებას. მოლაპარაკებების საწყისი რაუნდი ამ თემაზე მომდევნო ორ თვეში უნდა დასრულდეს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბანკი Morgan Stanley 20 ივლისს პროგნოზირებდა, რომ SpaceX-ის ღირებულებამ საბოლოო ჯამში შესაძლოა, 175 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მისი მონაცემებით, მასკის კომპანიამ ამ დრომდე შეძლო 3,5 მილიარდი დოლარის მოზიდვა და შეუძლია 50 მილიარდის აქცია გაყიდოს 2019-2032 წლებში. კომპანია ფიქრობს, რომ პროექტ Starlink-დან მოგებას 2033 წლიდან ნახავს.

შეგახსენებთ, 2018 წელს SpaceX-მა ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიას აუწყა, რომ აპირებდა დამატებით 500 მილიონი დოლარის მოზიდვას პროექტისთვის Starlink. ამისათვის მან განახორციელა ფასიანი ქაღალდების ემისია, აქციაზე 186 დოლარის ოდენობით.

ქსელი Starlink-ი გათვალისწნებულია ინტერნეტის მიწოდებისთვის მთელი მსოფლიოსთვის, დედამიწის ორბიტაზე დიდი რაოდენობით პატარა 500-კილოგრამიანი თანამგზავრების განლაგების შედეგად. ის ითვალისწინებს რთულად მიღწევად რაიონებსა და ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას წამში 1 გბ სიჩქარით, რაც 5G სტანდარტს შეესაბამება.

ილონ მასკმა SpaceX 2002 წელს დააფუძნა. 2019 წლის მაისში კომპანიამ კოსმოსში 60 თანამგზავრი გაიყვანა, იმავე წლის ნოემბერში მეორე ჯგუფი დაემატა მათ, მესამე, მეოთხე და მეხუთე პარტია კი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში განლაგდა ორბიტაზე, მეექვსე პარტია მარტში, მეშვიდე და მერვე კი აპრილსა და ივნისში.

კოკა კვირკველია