საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.
უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო საქსტატს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი, უწყებაში არსებული ინფორმაციით უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც საქსტატი სამინისტროს შესაბამისად დამუშავებულ ინფორმაციას მიაწვდის.
„საიმედო და ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის. მჭიდრო თანამშრომლობა საქსტატთან, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი მწარმოებელია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქსტატს რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვებასა და მიღების ორგანიზებაში დაეხმარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.
„მიმაჩნია, რომ თემატური სამუშაო ჯგუფების წევრების მონაწილეობით გამართული სამუშაო შეხვედრები, ხელს შეუწყობს როგორც ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ისე, გადაწყვეტილების მიმღები პირების მათთვის საჭირო და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.