ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 1-ელი იანვრიდან დღემდე შემოწმებული 19 ლიფტიდან სხვადასხვა სახის დარღვევა 12 შემთხვევაში გამოვლინდა.
როგორც სააგენტოში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ზოგადად, ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა შენობის მფლობელის ვალდებულებაა. იმ შემთხვევაში კი, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ლიფტის გაუმართაობისა, ტექნიკურ დათვარიელებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს.
სააგენტოში ამბობენ, რომ ლიფტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ლიფტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების მეშვეობით სამ წელიწადში ერთხელ.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის განმავლობაში ლიფტის შახტში ჩავარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულებს შორის იყვნენ ბავშვებიც.