უკრაინა ევროკავშირისგან 1,2-მილიარდიან დახმარებას მიიღებს

ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კიევისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე. ბრიუსელმა კიევს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გამოუყო. დოკუმენტს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვალდის დომბროვსკისმა და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები მემორანდუმზე. ახლა მნიშვნელოვანია, პროცესი დასრულდეს რადაში, იმისათვის, რომ გავცეთ პირველი ტრანში“, - განაცხადა დომბროვსკისმა დოკუმენტის ხელმოწერის პრესკონფერენციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ განიხილა უკრაინის პრემიერთან რეფორმების რეალიზაციის საკითხი, რომელიც გახლავთ აუცილებელი პირობა კიევისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს თანხა კიევს გადაეცემა ძალიან სახარბიელო გრძელვადიანი კრედიტის სახით.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 22 აპრილს გადაწყვიტა პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად 3 მილიარდი ევროს დახმარება გამოეყო რამდენიმე ქვეყნისთვის. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ 1,2 მილიარდი ევრო უკრაინისთვის იქნებოდა გათვალისწინებული, 180 მილიონი - ალბანეთისთვის, 250 მილიონი - ბოსნიისთვის, 150 მილიონი - საქართველოსთვის, 200 მილიონი - იორდანიისთვის, 100 მილიონი - კოსოვოსთვის, 100 მილიონი - მოლდოვასთვის, 60 მილიონი - ჩერნოგორიისთვის, 160 მილიონი - ჩრდილოეთ მაკედონიისთვის და 600 მილიონი - ტუნისთვის.

კოკა კვირკველია